ავტორი:

მსოფლიოს ყველაზე ბედნიერი ქვეყანა გამოვლინდა - რომელ ადგილზეა საქართველო?

მსოფლიოს ყველაზე ბედნიერი ქვეყანა გამოვლინდა - რომელ ადგილზეა საქართველო?

მსოფლიოს ბედნიერების 2024 წლის ანგარიში გამოქვეყნდა და წამყვან ადგილებს კვლავ სკანდინავიური ქვეყნები იკავებენ. წლის ყველაზე ბედნიერ ქვეყნად კვლავ ფინეთი დასახელდა, რომელიც უკვე ზედიზედ მეშვიდე წელია ტიტულს ინარჩუნებს.

წლევანდელი ანგარიში პირველია, რომელიც ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით ცალკეულ რეიტინგებს მოიცავს და როგორც ჩანს, ზოგიერთ ქვეყანაში ახალგაზრდების ცხოვრებით კმაყოფილების მიხედვით არც ისეთი სახარბიელო სიტუაციაა. მაგალითად, ჩრდილოეთ ამერიკის ახალგაზრდებში ბედნიერება იმდენად მკვეთრადაა დაცემული, რომ ახალგაზრდები ახლა ნაკლებ ბედნიერები არიან, ვიდრე მოხუცები.

ყოველწლიური ანგარიში, რომელიც გაეროს ბედნიერების საერთაშორისო დღეს, 20 მარტს ქვეყნდება, 140-ზე მეტ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების გამოკითხვის მონაცემებს ეყრდნობა. ქვეყნების ბედნიერების ინდექსი ბოლო სამი წლის მანძილზე გამოკითხული ადამიანების მიერ ცხოვრების დონის შეფასებებს ეყრდნობა და 2021-2023 წლებს მოიცავს.

  • ცხოვრების დონის შეფასებისთვის ანგარიში ექვს ძირითადად ფაქტორს იყენებს: მშპ ერთ სულ მოსახლეზე, სოციალური მხარდაჭერა, ჯანსაღი სიცოცხლის ხანგრძლივობა, თავისუფლება, კეთილშობილება და კორუფციის აღქმა.

როცა საქმე ბედნიერებისთვის სწორ სოციალურ პირობებს ეხება, ფინეთი პირველ ადგილზეა. პროფესორი ჯონ ჰელიველი, ვანკუვერის ეკონომიკის სკოლის პროფესორი, რომელიც აგრეთვე World Happiness Report-ის დამფუძნებელი რედაქტორია, ფინეთზე ამბობს: "ფინეთში ძირს რომ დაგივარდეთ საფულე, უკან გიბრუნებენ. ადამიანები ერთმანეთს ყოველდღიურად ეხმარებიან, ძალიან მაღალი ხარისხის და საყოვალთაოდ ხელმისაწვდომი ჯანდაცვა აქვთ და განათლების შესაძლებლობები ყველასთვის თანაბარია." ჰელიველმა ასევე აღნიშნა, რომ ფინეთს ბედნიერი ემიგრანტები ჰყავთ და უხარიათ, როცა თავიანთ კეთილდღეობას სხვებსაც უზიარებენ.

ჰამასთან ომის გათვალისწინებით, შესაძლოა, ბევრისთვის ისრაელის მე-5 ადგილზე ყოფნა მოულოდნელი იყოს, თუმცა ქვეყანა 2022 წლიდან სიის ტოპ ათეულშია. ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, რომ ისრაელის რეიტინგი ბოლო სამი წლის საშუალო მაჩვენებელს ეფუძნება.

იმის მიუხედავად, რომ ლიტვა სიაში წელს მე-19 ადგილზე მოხვდა, 30 წლამდე რესპონდენტებს შორის გამოკითხვის მიხედვით, ის 2024 წლის ყველაზე ბედნიერი ქვეყანაა. 60 წელს გადაცილებულთათვის ლიტვა 44-ე ადგილზე გავიდა.

სიის ოცეული კი ასეთია:

1. ფინეთი

2 დანია

3. ისლანდია

4. შვედეთი

5. ისრაელი

6.ნიდერლანდები

7. ნორვეგია

8. ლუქსემბურგი

9. შვეიცარია

10. ავსტრალია

11. ახალი ზელანდია

12. კოსტა რიკა

13. ქუვეითი

14. ავსტრია

15. კანადა

16. ბელგია

17. ირლანდია

18. ჩეხეთი

19. ლიტვა

20. დიდი ბრიტანეთი

ბედნიერების ინდექსის მიხედვით, რუსეთი 72-ე ადგილზეა, სასომხეთი 82-ე ადგილზეა, რაც შეეხება საქართველოს, ის მოზამბიკსა და ერაყს შორის 91-ე ადგილზე მოხვდა. თურქეთი რიგით 98-ე ადგილს იკავებს, აზერბაიჯანი 101-ს, უკრაინა კი 105-ს.

ყველაზე ნაკლებად ბედნიერი ქვეყნების ათეული კი ასე გამოიყურება:

134. ზამბია

135. ესვატინი

136. მალავი

137. ბოცვანა

138. ზიმბაბვე

139. კონგო

140. სიერა ლეონე

141. ლესოთო

142. ლიბანი

143. ავღანეთი

აღსანიშნავია ისიც, რომ გამოკითხვაში ცალკეულადაა მითითებული თუ რამდენად ბედნიერია თითოეული ქვეყანა 30 წელს ქვემოთ გამოკითხული ადამიანების აზრით. ახალგაზრდებში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, საქათველო 78-ე ადგილზე გავიდა და ბაჰრეინსა და ჩინეთს შორისაა. 60 წელს ზემოთ ქართველების გამოკითხვით კი დადგინდა, რომ ბულგარეთსა და თურქეთს შორის ვართ მოქცეული და 91-ე ადგილს ვიკავებთ.

წყარო: happiness-report

მოამზადა: ანა სიბოშვილმა