ავტორი:

"ოჯახს აუცილებლად ქართველთან შევქმნი და შვილსაც საქართველოში გავზრდი" - გაიცანით ულამაზესი ქართველი გოგონა, რომელიც ამერიკულ ჯარში მსახურობს

"ოჯახს აუცილებლად ქართველთან შევქმნი და შვილსაც საქართველოში გავზრდი" - გაიცანით ულამაზესი ქართველი გოგონა, რომელიც ამერიკულ ჯარში მსახურობს

20 წლის ანა ჯანჯალია წლების წინ საქართველოდან ამერიკაში ოჯახთან ერთად გაემგზავრა. სამხედროების ქალიშვილი ბავშვობიდან თავადაც ფორმის ჩაცმაზე ოცნებობდა, ამიტომ სკოლის დასრულების შემდეგ, ბევრი არ უფიქრია და ამერიკულ ჯარს მიაკითხა. ანა პოპულარულია სოციალურ ქსელში, ის ხშირად აქვეყნებს ვიდეოებს, სადაც იქაურ სამხედროებთან ერთად ჩანს და ვიდეოს ფონად ქართული სიმღერა აქვს.

მომავალი 20 წელი საკუთარი თავი და კარიერა ამერიკაში წარმოუდგენია, რადგან აპირებს, რომ სამხედრო კარიერას გაჰყვეს... თუმცა ოჯახს აუცილებლად ქართულს შექმნის, სურვილი აქვს შვილები საქართველოში გაზარდოს...

- ანა, ახლა ამერიკის გვარდიაში მსახურობთ, წლების წინ კი ოჯახთან ერთად "მწვანე ბარათის" საშუალებით მოხვდით შტატებში. საუბარი საქართველოში გატარებული წლებით დავიწყოთ...

- საქართველოში გატარებული პერიოდი ჩემთვის ყველაზე ლაღი და ბედნიერი წლებია. როგორც ყველა ბავშვი, მეც დავდიოდი წრეებზე, ცეკვაზე, ფორტეპიანოზე, მასწავლებლებთან ვემზადებოდი. მყავდა ძალიან ბევრი მეგობარი. შემეძლო ყოველდღე გადავსულიყავი მეზობელთან, კლასელებთან. საქართველოში უფრო ლაღები არიან ბავშვები, ვიდრე აქ ამერიკაში. აქ გასართობ ცენტრებში თუ შეიკრიბებიან, მეზობლები ნაკლებად კონტაქტობენ ერთმანეთთან. ამიტომ ვთვლი, რომ ყველაზე ბედნიერი ჩემთვის საქართველოში ყოფნის პერიოდია. აქტიური, ბეჯითი ბავშვი ვიყავი, მქონდა ჩემი პრინციპები.

- ანა, როგორც ვიცი, მშობლები სამხედრო სამსახურში იყვნენ...

- მამამ დაამთავრა სამხედრო აკადემია, ის იყო საკმაოდ წარმატებული და პუნქტუალური ოფიცერი. მას საკმაოდ კარგი კარიერული ზრდა ჰქონდა, მესამე ქვეითი ბრიგადის მეთაური იყო და მონაწილეობდა ავღანეთისა და ერაყის მისიებში, ასევე 2008 წლის აგვისტოს ომში. ბოლოს მამა გენშტაბში მუშაობდა და ძირითადად სულ საბრძოლო განყოფილებებში. მთელი დღე გაწერილი ჰქონდა, ყველა წუთი, ჩვენც ფეხდაფეხ მივყვებოდით მის რეჟიმს. ალბათ მამისგან გადმომეცა მეც პუნქტუალურობა და ფორმის მიმართ სიყვარული. რაც შეეხება ამერიკაში წამოსვლას, მამას ძმა ცხოვრობს აქ და მისი რჩევით ჩამოვედით. გვეუბნებოდა, რომ ფინანსური მდგომარეობა გამოგვისწორდებოდა და კარიერულადაც ჩვენთვის კარგი იქნებოდა. ამის ერთადერთი გზა იყო მწვანე ბარათის შევსება. გაგვიმართლა და მოვიგეთ, ჩვენი ოცნების ლატარია მოვიგეთ. ამან მთლიანად შეცვალა ჩვენი ცხოვრება და წამოვედით ამერიკაში საცხოვრებლად.

- როგორ გაიხსენებთ ამერიკაში ჩასვლის პირველ თვეებს, რამდენად მარტივი იყო ადაპტაცია უცხო გარემოსთან?

- თავიდან ძალიან მომეწონა, განსხვავებული ადგილები ვნახე, მაგრამ რამდენიმე თვეში მე და ჩემს დას, ყველაფერს მოწყვეტილებს დეპრესია დაგვემართა, მეგობრები გვენატრებოდა. გარეთ ვერ გახვიდოდი თუ მანქანა არ გყავდა, პატარები ვიყავით. აქ ყოფნიდან 8 თვის შემდეგ გადავწყვიტეთ საქართველოში დავბრუნებულიყავით და გაგვეგრძელებინა მარტოებს ცხოვრება. დავბრუნდით, მაგრამ ორი თვის შემდეგ ისევ ამერიკაში ჩამოვედით, რადგან მივხვდით, რომ შეჩვეულები ვყოფილვართ აქაურ ცხოვრებას. თან მშობლები გვენატრებოდა. ისედაც წლები მათთან ერთად ვიყავით, რადგან ჯარისკაცები იყვნენ და ხშირად ვერ ვხედავდით.

- როგორ მოხვდით ამერიკის გვარდიაში?

- საქართველოში ცხოვრებისას გადაწყვეტილი მქონდა, რომ კადეტთა კორპუსში წავსულიყავი, მაგრამ როდესაც აქ ჩამოვედით, ენის ბარიერი მქონდა. სკოლის დასრულების შემდეგ მოვიძიე ამერიკულ ჯარზე ინფორმაცია, წავედი გასაუბრებაზე, შევაგროვე ყველა საჭირო საბუთი, მაგრამ დაახლოებით ორი წელი ვცდილობდი ამერიკულ ჯარში მოვხვედრილიყავი.

- როგორია სამხედროს ცხოვრება, ზოგადად ამერიკის ჯარის დისციპლინაზე არაერთხელ გვსმენია. ვიცით, რომ მანდ მსახურება არც ისე ადვილია.

- კარანტინს რომ გადიხარ, ტელეფონი არ გაქვს, ყველაფრისგან წყდები, ახალი გარემოა, სხვადასხვა ეროვნების ხალხი. ზოგს მოსწონხარ, ზოგს არა, ზოგსაც შენი ფერი არ მოსწონს. ჯარში გვასწავლიან, რომ აქ ყველა ერთი ვართ. როგორც ჩემი მშობლები იყვნენ, რომ თვეები ვერ მოდიოდნენ სახლში, ისე ვიყავი მეც. ფსიქოლოგიურადაც არის რთული, აზროვნებას გიცვლის. ახლობლებს ვეღარ ვუგებ. თავიდან 6 თვით რომ ვიყავი წასული, როდესაც სახლში დავბრუნდი, მეგობრები დავკარგე, რადგან სხვანაირი აზროვნება მქონდა, ვეღარ ვუგებდი. ამიტომ გეტყვით, რომ მარტივი არ არის.

- რა სხვაობაა ჯარში ქალებსა და მამაკაცებს შორის?

- ქალებს და კაცებს შორის ამერიკულ ჯარში არანაირი განსხვავება არ არის, ყველა ერთ დროს ვმუშაობთ და ერთნაირად. ერთადერთი სხვაობაა სხვადასხვა ადგილებში ვიძინებთ, ყველა ერთ საქმეს ვაკეთებთ. სიმძიმეების აწევა, რაც კაცმა უნდა გააკეთოს, იგივე ქალმა. არავითარი შეღავათი არ გაქვს იმის გამო, რომ ქალი ხარ.

- ანა, აპირებთ, რომ სამხედრო გზით წახვიდეთ?

- ბავშვობიდან მინდოდა ჩემი კარიერა მქონოდა. ამიტომ არ უნდოდა ჩემს ოჯახს, რომ ჯარში წავსულიყავი. ფიქრობდნენ, რომ სწავლას თავს დავანებებდი. როდესაც ჯარში წავედი, აქაურობა იმდენად შემიყვარდა, რომ ვაპირებ ბაკალავრის დასრულების შემდეგ ჯარში გავაგრძელო კარიერა. ჯარით დაიწყო და ჯარით დამთავრდება. ჩემს თავს როგორც სამოქალაქოს, ვერ აღვიქვამ. ვაპირებ, მინიმუმ ოცი წელი ვიმსახურო ჯარში, სასწაული უნდა მოხდეს, რომ აზრი შემეცვალოს.

საერთოდ, ჩემი სამომავლო გეგმები ამერიკას უკავშირდება. იმდენად მივეჩვიე აქაურ გარემოს, თუ საქართველო რამეს შემომთავაზებს ან ამერიკა მეტყვის, რომ შეგიძლია წახვიდე, მომზადებაში დაეხმარო, ცხადია სამხედრო კუთხით, დავთანხმდები, მაგრამ უახლოეს მომავალში ეს ყველაფერი ამერიკაში მოხდება.

დედასთან და დედმამიშვილებთან ერთად

- დასასრულს პირად ცხოვრებაზეც გკითხავთ, ერთ-ერთ ინტერვიუში წავიკითხე, რომ ქართველი მეუღლე გინდათ გყავდეთ

- რამდენ ადამიანს შევხვედრილვარ სხვადასხვა ეროვნების, მაგრამ არასოდეს მიფიქრია ურთიერთობის დაწყება. ვერცერთ ეროვნებაში ვერ ვიპოვე ისეთი შინაგანი სამყარო, როგორიც ქართველებს აქვს. ისინი ჩემი ქცევებით გაოცებულები არიან. ბავშვობაში მშობლები გვეუბნებოდნენ, რომ მხოლოდ ქართველთან შეგვექმნა ოჯახი, ალბათ ამანაც განაპირობა ჩვენი შეხედულებები. ჩემი ძმა 5 წლის ასაკში ჩამოვიყვანეთ ამერიკაში, და მისთვის უკვე გასაკვირია ქართველი ბავშვების ქცევები. მეშინია, რომ ჩემი შვილი აქეთ გაიზრდება, ამიტომ მინდა ქართული ოჯახი მყავდეს. მართალია, ჯარში აქ ვიმსახურებ, მაგრამ წლების შემდეგ ჩავალ საქართველოში და ჩემს შვილს იქ გავზრდი. შიში მაქვს იმის, რომ ჩემი მომავალი თაობა არ იქნება ქართველი ან ქართული აზროვნება არ ექნება.