ავტორი:

სანაპირო სამხრეთ უელსში, სადაც ადგილობრივები ადამიანების უძველეს ნეშტებს აწყდებიან - რა საიდუმლო იმალება გლამორგანის ველზე?

სანაპირო სამხრეთ უელსში, სადაც ადგილობრივები ადამიანების უძველეს ნეშტებს აწყდებიან -  რა საიდუმლო იმალება გლამორგანის ველზე?

სანაპიროზე სეირნობა ბევრ ჩვენგანს სიამოვნებს, მაგრამ რა მოხდება, თუ იქ ადამიანის ძვლებს წავაწყდებით? ასეთი ამბავი შეემთხვა გასული წლის ოქტომბერში კრისტოფერ რიზს, როცა ის შვილთან ერთად სამხრეთ უელსში გლამორგანის ველზე ძაღლს ასეირნებდა.

39 წლის მამაკაცი თავის 7 წლის ვაჟთან, დილანთან ერთად იყო, როცა ქვიშის ზედაპირზე ძვალი შენიშნა. 7 წლის დილანმა, რომელიც ხშირად სტუმრობს მუზეუმებს და არქეოლოგია აინტერესებს, იფიქრა, რომ ეს დინოზავრის ძვლები იყო. ამის შემდეგ მამა-შვილმა ძვლების ნაწილი სახლშიც კი წაიღო.

ძვლების ნახვის შემდეგ დილანის დედა, სოფი დაეჭვდა, შემდეგ კი უკვე კრისტოფერსაც ეჭვი შეეპარა. წყვილმა ძვლების ფოტოები თავიანთ ნაცნობ ექიმებს გადაუგზავნეს, რომლებმაც დაადასტურეს, რომ ეს ნამდვილად ადამიანის ძვლები უნდა ყოფილიყო, რის შემდეგაც ოჯახმა პოლიცია გამოიძახა. "პოლიციას ყველაფერი ავუხსენი და ისიც მოვუყევი, თუ სად ვიპოვე ძვლები",- განაცხადა კრისტოფერმა.

კრისტოფერი და დილანი

სამხრეთ უელსის პოლიცია დღეების განმავლობაში იკვლევდა არემარეს. რამდენიმე კვირის შემდეგ კი ოფიცრებმა დაადასტურეს, რომ ეს ადამიანების უძველესი ნეშტები იყო. უფრო საინტერესო ისაა, რომ ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა, როცა ამ სანაპირო ზოლის გასწვრივ ადამიანების ძვლები აღმოუჩენიათ. ამავე სანაპიროზე 3 კვირის წინაც წააწყდნენ ადამიანების ძვლებს, რომლებიც ექსპერტიზის ვარაუდით, 16-18 საუკუნეებში ჩაძირული გემის მსხვერპლებს უნდა ეკუთვნოდეთ.

გლამორგანის სანაპიროზე კიდევ მრავალი არქეოლოგიური აღმოჩენა გაკეთდა, მათ შორის აქვეა ნაპოვნი პრეისტორიული და რკინის ხანის სტრუქტურები და არაერთი გემის ნამსხვრევებიც.

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა