ავტორი:

ქალაქები მტვრის ღრუბელმა მოიცვა და გარემო ნარინჯისფერი გახდა - უჩვეულო კადრები საბერძნეთიდან: ხელისუფლება და ექსპერტები მოსახლეობას აფრთხილებენ

ქალაქები მტვრის ღრუბელმა მოიცვა და გარემო ნარინჯისფერი გახდა - უჩვეულო კადრები საბერძნეთიდან: ხელისუფლება და ექსპერტები მოსახლეობას აფრთხილებენ

საჰარის უდაბნოდან ქარის მოტანილმა მტვრის ნაწილაკებმა მთელი ათენი და სხვა ბერძნული ქალაქები მოიცვა.

ქვეყნის ხელისუფლების თქმით, ჰაერის დაბინძურების ასეთი საშინელი შემთხვევა 2018 წლის შემდეგ არ უნახავთ.

რამდენიმედღიანი ძლიერი ქარის შემდეგ, მოყვითალო-მონარინჯისფრო მტვრის ნისლმა არაერთი რეგიონი მოიცვა, რამაც ხილვადობა გააუარესა და ხელისუფლებამ რისკების შესახებაც გასცა გამაფრთხილებელი რეკომენდაციები.

"ეს მტვრისა და ქვიშის კონცენტრაციის ერთ-ერთი ყველაზე რთული ფორმაა, რომელიც 2018 წლის შემდეგ გვინახავს",- თქვა ათენის ობსერვატორიის ამინდის კვლევის დირექტორმა კოსტას ლაგუვარდოსმა.

ხელისუფლებამ მოსახლეობა გააფრთხილა, რომ მტვრის კონცენტრაცია მზის შუქს "დაბურავდა" და ხილვადობას გაართულებდა. ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებს კი კიდევ უფრო მეტ საფრთხეს შეუქმნიდა.

საბერძნეთის მეტეოროლოგიურმა სამსახურმა განაცხადა, რომ ჰაერი უკვე დღეიდან უნდა გაიწმინდოს.

განსაკუთრებით ძლიერმა ქარმა ტყის ხანძრების გაჩენასაც შეუწყო ხელი. სახანძრო სამსახურის თქმით, 23 აპრილის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 25 ხანძარი გაჩნდა. საბედნიეროდ, მსხვერპლი არც ერთ მათგანს არ მოჰყოლია და ხანძრების ლოკალიზება მალევე მოხდა.

წყარო: theguardian