ავტორი:

რა ქონებას ფლობს მორაგბე პარლამენტარი? -  დავით კაჭარავას სპორტულ-პოლიტიკური და პირადი ცხოვრება

რა ქონებას ფლობს მორაგბე პარლამენტარი? -  დავით კაჭარავას სპორტულ-პოლიტიკური და პირადი ცხოვრება

გუშინ, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის წინააღმდეგ გამოსული ახალგაზრდების პროტესტზე ინციდენტი მოხდა. იმ დროს, როდესაც აქტივისტები მსვლელობით ევროკავშირის საელჩოსკენ მიდიოდნენ, გზად დეპუტატი დავით კაჭარავა შეხვდათ, რომელიც ავტომობილით გადაადგილდებოდა.

"მონა, საქართველოს მოღალატე ხარ! საქართველო მტერო", - ამ სიტყვებით მიმართეს კაჭარავას აქტივისტებმა. შეგახსენებთ, რომ ის ერთ-ერთია იმ 83 დეპუტატიდან, რომელმაც პირველი მოსმენით კანონს ხმა მისცა.

როგორ მოხვდა სპორტსმენი პოლიტიკაში, როგორია მისი ქონებრივი დეკლარაცია და პირადი ცხოვრება, ქვევით მოგიყვებით. კაჭარავა ერთ-ერთია იმ პოლიტიკოსებს შორის, რომლითაც ხშირად ინტერესდება ქართული მედია, უფრო მეტად პირადი ცხოვრების და არა, პოლიტიკური მოღვაწეობის გამო.

  • სპორტიდან პოლიტიკაში

მორაგბე დავით კაჭარავა სპორტიდან პოლიტიკაში კიდევ ერთ სპორტსმენ, კალათბურთელ ვიქტორ სანიკიძესთან ერთად მოხვდა. "ქართულმა ოცნებამ“ ეს ორი სპორტსმენი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, საარჩევნო სიის პირველ ოცეულში შეიყვანა.

კაჭარავას საპარლამენტო მოღვაწეობა განსაკუთრებული არ ყოფილა, თუ არ ჩავთვლით, გუშინდელ ინციდენტს, როდესაც საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა. თუმცა იქამდე იყო კიდევ ერთი შემთხვევა, როდესაც მისი დაცვა კოლეგებს მოუწიათ.

მიზეზი მაშინაც ე.წ. აგენტების შესახებ კანონი იყო, რომელიც შარშან "ქართულმა ოცნებამ“ უკან გაიწვია. სკანდალი დავით კაჭარავას გამოქვეყნებულ პოსტს მოჰყვა, რომელშიც წერდა: " მიმიფურთხებია ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ჩემი 20 წელიწადი 2 დღეში გაყიდა და იფიქრა, რომ მე სამშობლო რუსეთში გავცვალე! ისე რომ კითხვაც არ დამისვა!“ დეპუტატი კოლეგებიდან ბექა ოდიშარიამ და თეა წულუკიანმა დაიცვეს. მათ საზოგადოებას სპორტსმენის ღვაწლი შეახსენეს.

  • პირადი ცხოვრება

დავით კაჭარავა პირველი მეუღლე ანკა დუნდუა გახლდათ, რომელთანაც ერთი ვაჟი ჰყავს. დაშორებიდან რამდენიმე წლის შემდეგ, დეპუტატი ტანმოვარჯიშე ქეთი ხატიაშვილთან ერთად გამოჩნდა. უკვე წლებია, ის და ქეთი ხატიაშვილი ერთად ცხოვრობენ. წყვილს 14 მარტს საერთო შვილი ილია კაჭარავა შეეძინა.

ქეთის პირველი ქორწინებიდან გოგონა ჰყავს. თუმცა როგორც დეკლარაციიდან გავარკვიეთ, ისინი ოფიციალურ ქორწინებაში ჯერ არ არიან.

  • რა ქონებას ფლობს პარლამენტარი

დეპუტატმა ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს 2024 წლის 8 თებერვალს შეავსო. ამიტომ დოკუმენტში ვერ მოხვდა მისი მეორე შვილი ილია კაჭარავა, რომელიც მარტში დაიბადა.

დეკლარაციის მიხედვით, პირველი ვაჟი ნიკოლოზ კაჭარავა 2009 წელს შეეძინა.

2011 წელს 58 ათას დოლარად დაბა წყნეთში ბინა შეიძინა, რომლის თანამესაკუთრეც გიორგი კაჭარავაა.

დეპუტატი ფლობს ასევე არასაცხოვრებელ ფართს თბილისში, ზანდუკელის ქუჩაზე, რომელიც 2018 წელს 1000 დოლარად შეიძინა და 130 კვ. მ. ბინას ასევე ზანდუკელის ქუჩაზე, რომელშიც 137 900 დოლარი გადაიხადა. პოლიტიკოსი გადაადგილდება მსუბუქი ავტომანქანა Dodge Challenger-ით, მასში 2017 წელს 14 000 დოლარი გადაიხადა.

დეკლარაციის შევსების დროს კაჭარავას "საქართველოს ბანკის" მიმდინარე ანგარიშზე ჰქონდა 193 ლარი, იპოთეკურ ბარათზე 8597,58 დოლარი, საკრედიტოზე კი 2125,49 ლარი.

დავით კაჭარავა ორი შპს-ს "ჯენტლმენისა“ და "თბილალპროფ საქართველოს“ მეწილეა, თუმცა შემოსავლის გრაფა ცარიელია.

დეპუტატის 2023 კალენდარული წლის ხელფასმა 49 590,72 ლარი შეადგინა.

მან 2023 წელს ბინა გაყიდა და შემოსავლის სახით 55 000 დოლარი მიიღო.

რაც შეეხება სხვა შემოსავალს, კაჭარავას ბინის გაქირავებით 2023-2024 წლებში 2250 დოლარი აქვს მიღებული.

2020 წელს პოლიტიკოსმა ორივე შპს-ს თანამფლობელებს, მართვის უფლება უვადოდ გადასცა..

2018 წელს კაჭარავამ 97 479 დოლარის იპოთეკური სესხი აიღო. დეკლარაციაში სესხის გადასახდელად გასავალი 15 000 დოლარი უფიქსირდება.

გასულ წელს, დეპუტატმა შვილის სწავლაში 9000 ლარი გადაიხადა.

წაიკითხეთ ასევე: