ავტორი:

"წარმოუდგენელი ჯოჯოხეთი დაატრიალეს... რომ არა გოგოების თავგანწირვა, ალბათ მოკლავდნენ ბიჭებს" - თვითმხილველები ჰყვებიან, რომ 15-მდე პირი რამდენიმე დემონსტრანტს ფიზიკურად გაუსწორდა

"წარმოუდგენელი ჯოჯოხეთი დაატრიალეს... რომ არა გოგოების თავგანწირვა,  ალბათ მოკლავდნენ ბიჭებს" - თვითმხილველები ჰყვებიან, რომ  15-მდე პირი რამდენიმე დემონსტრანტს ფიზიკურად გაუსწორდა

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, გმირთა მოედანზე გაურკვეველი პირები რამდენიმე დემონსტრანტს თავს დაესხნენ.

  • როგორც ერთ-ერთი აქციის მონაწილე აცხადებს, 15-მდე სპორტული აღნაგობის პირს ნიღბები ეკეთათ და მათი იდენტიფიცირება ვერ შეძლეს.

როგორც აქციის მონაწილე აცხადებს, პირები, რომლებიც ფიზიკურად გაუსწორდნენ, უყვიროდნენ - „რატომ ხართ აქციაზე“.

"ზონდერები იყვნენ. სამი მანქანა იყო მოსული, რომლებიც სასტიკად გაგვისწორდნენ. ფეხებით შეახტნენ ყველას. უცებ გამოჩნდა 10-15 მოჭიდავე, ყველა იყო სპორტული აღნაგობის. ერთი ბიჭი, რომელსაც ფიზიკურად გაუსწორდნენ, სასწრაფოს მანქანაშია. კინაღამ მოკლეს“, - განაცხადა ერთ-ერთმა დაშავებულმა.

ერთ-ერთი თვითმხილველი სოციალურ ქსელში წერს:

"ალბათ უკვე იცით, მაგრამ ფაქტები რომ ვთქვათ: სახლში ვბრუნდებოდით, ლაღად, მშვიდად, თამარ მეფის ხიდისკენ მივდიოდით, ამ დროს გოგოები ყვირილით გამოვარდნენ ჩვენკენ, გვიშველეთ ბიჭებს კლავენო. თავქუდმოგლეჯილები გავიქეცით, რომ მივედით, 2 მანქანა გაჩერდა კიდევ, გადმოვიდნენ ჩემზე ორჯერ მაღლები, ორჯერ უფრო დიდები, მიზანმიმართულად გაემართნენ ბიჭებისკენ, ყრიდნენ დაბლა და დგებოდნენ წიხლებით.

წარმოუდგენელი ჯოჯოხეთი დაატრიალეს, რომ არა გოგოების თავგანწირვა, რომლებიც შუაში უვარდებოდნენ, ზედ ეფარებოდნენ, ალბათ მოკლავდნენ! ისედაც, ზოგი დაეცა და სავალი ნაწილს დაარტყა თავი, ვინც ეცემოდა, ყველა გონებას კარგავდა. გვეგონა მკვდრები იყვნენ და პანიკაში ჩავარდა ხალხი, თვალებიდან სდიოდათ სისხლი.

არასდროს შევსწრებივარ მსგავს სისასტიკეს. ბოლო ხმაზე ყვიროდნენ გოგო-ბიჭები, სულ პატარა გოგოები ტიროდნენ, წარმოუდგენელი ჯოჯოხეთი იყო, ხმა წართმეული მაქვს ყვირილისგან, რომ შეშვებოდნენ და არ მოეკლათ ბიჭები! რაც მე ვიცი, 5-მა დავრეკეთ პოლიციაში,1 საათი ველოდეთ და არ მოვიდნენ, ავდექით და ტელევიზიასთან ფეხით ამოვედით პოლიციაში, ახლა განცხადებას ვწერთ, ვიდეოები გვაქვს, ფოტოებიც, მანქანის ნომრებიც, ყველა ჩანს სახეზე! ვერ შეგვაშინებთ, ბევრნი ვართ!!! გავიმარჯვებთ სახელოვნად!" - წერს ქეთი მოლაშვილი.