ავტორი:

"ჩათვალეთ, ივანიშვილი ქვეყნის საგარეო კურსით ვაჭრობს, აყენებს მარტივ მოთხოვნას, მომელაპარაკეთ ახლა, არჩევნებამდე..." - გიორგი გახარია

"ჩათვალეთ, ივანიშვილი ქვეყნის საგარეო კურსით ვაჭრობს, აყენებს მარტივ მოთხოვნას, მომელაპარაკეთ ახლა, არჩევნებამდე..." - გიორგი გახარია

"ქართული ოცნება“ ლეგიტიმაციის დეფიციტს ავსებს რადიკალიზაციით, ხელოვნური კრიზისების შექმნით, ძალადობით - ჩათვალეთ, ივანიშვილი ქვეყნის საგარეო კურსით ვაჭრობს, აყენებს მარტივ მოთხოვნას, მომელაპარაკეთ ახლა, არჩევნებამდე. იცის, რომ არჩევნების შემდეგ მოლაპარაკება შეუძლებელი იქნება,- ამის შესახებ პარტია "გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ "პალიტრანიუსის“ გადაცემა "რეზიუმეში“ განაცხადა.

  • მისივე თქმით, "ქართულმა ოცნებამ“ ძალიან კარგად იცის, რომ გაყალბებული არჩევნების შემდეგ, ათობით ათასი მოქალაქე ქუჩაში დადგება, ამიტომ ურჩევნიათ, ეს კრიზისი ახლა იყოს.

"დარწმუნებული ვარ, რომ ივანიშვილი დამარცხებულია. პირველი: დიდი სიურპრიზი, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს მოუწყო 30 დეკემბერს. მას შემდეგ ქვეყანაში ქაოსის ზრდის გარდა პოზიტიური არაფერი ხდება. მეორე: ეს ის პერიოდია, როდესაც ისეთი ნაბიჯები იყო გადადგმული საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართულებით, რაც დაკავშირებულია საგარეო კურსის ცვლილებებთან, ასევე, ის პროცესები, რაც სამწუხაროდ, ქუჩაში მიმდინარეობს. როდესაც ამბობ, რომ 60%-ზე მეტი მხარდაჭერა გაქვს, ასეთი ქმედებები არ გჭირდება. დღეს "ოცნებას“ ლეგიტიმაციის დეფიციტი აქვს, ეს ლეგიტიმაცია რაღაცით უნდა შეავსოს, შესაბამისად, დღეს, "ქართული ოცნება“ ლეგიტიმაციის დეფიციტს ავსებს რადიკალიზაციით, ხელოვნური კრიზისების შექმნით, ძალადობით, რაც გუშინ და გუშინ წინ ვნახეთ. "ქართულმა ოცნებამ“ ძალიან კარგად იცის, რომ გაყალბებული არჩევნების შემდეგ, ათობით ათასი მოქალაქე ქუჩაში დადგება. ურჩევნიათ, ეს კრიზისი ახლა იყოს. ამ კრიზის თემა იყოს რუსული კანონი და არჩევნების შედეგები. როგორც ჩანს, რუსულ კანონს მიიღებენ. ეს ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილებას პირდაპირ არ ნიშნავს, ბევრ რაღაცას პირდაპირ არ ნიშნავს, მაგრამ გაყალბებული არჩევნები პირდაპირ ნიშნავს, რომ შემდგომი დემოკრატიზაცია, ევროპული პერსპექტივა შეუძლებელია. პრობლემა იმაში კი არ არის, "ოცნება“ არჩევნებს გააყალბებს, "ოცნებას“ არჩევნების გაყალბება დაწყებული აქვს. პრობლემა არის ის, რომ ამ გაყალბებულ არჩევნებზე ლეგიტიმაციას როგორ მიიღებენ, გონიერი ადამიანია ივანიშვილი და იცის, რომ საქართველოს მართვა მხოლოდ რუსეთიდან ან ბელარუსიდან მიღებული ლეგიტიმაციით შეუძლებელია. კრიზისი, თავდასხმები, რაც სტრატეგიულ პარტნიორებზე ხდება, ჩათვალეთ, რომ ქვეყნის საგარეო კურსით ვაჭრობს ივანიშვილი. ეს არის ვაჭრობა. კურსი რომ შეცვალა, აყენებს მარტივ მოთხოვნას, მომელაპარაკეთ ახლა, არჩევნებამდე. იცის, რომ არჩევნების შემდეგ მოლაპარაკება შეუძლებელი იქნება “,- აღნიშნა გახარიამ.

  • გიორგი გახარიას განცხადებით, "ქართული ოცნება“ კორუფციას ბიზნესმენების შანტაჟის იარაღად და ლოიალურობის საყიდლად იყენებს.

"ყველას აინტერესებს მთავრობის განკარგულებები, რომელსაც მთავრობის სხდომა განიხილავს და რომელსაც სჭირდება მინისტრების ხელის აწევა. იციან, ეს განკარგულებები სრულად რომ გამოქვეყნდეს, "ოცნება“ არჩევნებს მოიგებს კი არა, პროტესტი, რომელიც ქუჩაშია, გაორმაგდება, რადგან იქ იქნება ჩვეულებრივი კორუფცია. ერთმანეთისთვის ერთ ლარად ნაჩუქარი აქტივები.

მთავარი პრობლემა არის ის, რომ რაღაც მომენტში ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ კორუფცია არის ის დამატებითი ინსტრუმენტი, რომლითაც ძალაუფლების შენარჩუნება გაადვილდება. ეს არის შანტაჟისთვის იარაღიც და ლოიალობის ყიდვის რესურსიც. მარტივი ფეოდალური სისტემაა. ცხოვრებაში ბიზნესმენებს პოლიტიკურ განცხადებები გაუკეთებიათ? ახლა ხომ დაინახეთ, როგორც კი საჭირო გახდა? მარტო კორუფციაზეც არ არის ყველაფერი დამოკიდებული, ამ ბიზნესმენებს ურთიერთვალდებულებები აქვთ. ყველა, ვინც ბიუჯეტთან არის დაკავშირებული თავისი ბიზნესით, რა თქმა უნდა, მოწყვლადია”, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამასთან, გიორგი გახარიამ გადაცემა "რეზიუმეში“, სავარაუდო კორუფციულ ფაქტებზეც ისაუბრა.

მისი თქმით, თუ პროკურატურას კორუფციულ ფაქტებზე რეაგირება არ ექნება, მაშინ თავად გამოაქვეყნებს კორუფციულ სქემაში ჩართული ადამიანების გვარებს და სახელებს.

"ერთ-ერთი ბიზნესმენი, რომელიც წლები დასდევდა, რომ სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული შეთანხმება მიეღო, თუ კარგად მახსოვს 20-25 მილიონზე იყო, მისთვის კარები უბრალოდ დაკეტილი იყო და აკრძალული იყო ამაზე საუბარი, მან შეთანხმება მიიღო ჩემი წასვლის შემდეგ. იყო კიდევ ერთი ბიზნესმენი, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის დროს ჩამორთმეული სასაცილო რაღაცების კორუფციულ გაცვლას ცდილობდა სხვა აქტივებში, უცებ ვხედავ, რომ ეს გაცვლა ხდება. ასევე, დიდი, მსხვილი აქტივები, რომლის გასხვისებაზე საუბარიც და ფიქრიც არ იყო და აკრძალული იყო, უცებ ეს გასხვისდა. ეს ყველაფერი პროკურატურამ უნდა დადოს, თუ არ დადებს, შემდეგ გვარებიც იქნება და სახელებიც“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.